პროფესორ ივანე მენთეშაშვილის საჯარო ლექცია

 
28 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ძალაუფლება და რევოლუციის მიერ შობილნი“. მომხსენებელი იყო ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე მენთეშაშვილი. 
ლექციას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დიდი პატივისცემა გამოხატა ბატონი ივანეს მიმართ. მან აღნიშნა, რომ მეცნიერი აღიარებული მკვლევარი, მაღალი დონის მწერალი და  მთარგმნელია; თავისი საქმიანობის ფარგლებში ყოველთვის მზადაა, დახმარება გაუწიოს საქართველოს საპატრიარქოსა და სასულიერო აკადემიას.
საჯარო გამოსვლაში ბატონმა ივანე მენთეშაშვილმა ისაუბრა საკუთარი წიგნის "Власть и рожденные революцией" შესახებ. წიგნში განხილულია რევოლუციის ქარტეხილებში შობილი დიდი ისტორიული პირების - ოლივერ კრომველის, ნაპოლეონ ბონაპარტისა და იოსებ სტალინის - აღზევების წანამძღვრები. მომხსენებლის მითითებით, „აღნიშნული ადამიანების წარმატება, მათი გაბატონება გამოწვეული იყო არა მხოლოდ მათი პიროვნული თვისებებით, არამედ, ამ თვისებების პრაქტიკაში გამოხატვა განპირობებული იყო ობიექტური საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეთნოფსიქოლოგიური და სხვა მიზეზებით. სწორედ ამ წანამძღვრების ერთობა გვაძლევს არსებულ კონკრეტულ ისტორიულ სურათს, რომელიც საბოლოო ჯამში ერთადერთია და გარდუვალი“.
ბატონმა ივანემ ხაზი გაუსვა სამივე პიროვნების განსაკუთრებულ თვისებებსა და როლს, რომლითაც მათ სერიოზული კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში. სამივე ზრუნავდა და იბრძოდა თავ-თავისი სახელმწიფოს  (ინგლისის, საფრანგეთისა და რუსეთის) ეროვნული ინტერესებისთვის. 
პატივცემულმა პროფესორმა გამოყო ამ სამივე პიროვნების გამორჩეული თვისებები. 
კრომველი რევოლუციონერიც გახლდათ და რწმენის ერთგული პურიტანიც (პროტესტანტობის ყველაზე რადიკალური მიმართულება) ბიბლიის კარგი ცოდნა მას დაეხმარა სამხედრო შენაერთის - „რკინისგვერდებიანების“ გაერთიანებასა და განმტკიცებაში. მისი მებრძოლები განსაკუთრებული მამაცობითა და რწმენით ებრძოდნენ მოწინააღმდეგეებს - განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მქონე ჯგუფებს. ბატონმა ივანემ აღნიშნა, რომ კრომველი ადამიანებს აწინაურებდა იმ ნიშნით, თუ რაოდენ სწამდა მას იმ იდეისა, რისთვისაც იბრძოდა. მან გაიხსენა, შოტლანდიელთა წინააღმდეგ გამართული დამბალის ცნობილი ბრძოლა, როლის დროსაც კრომველმა წამოიწყო თავისი უსაყვარლესი 68-ე ფსალმუნის გალობა და მთერი ჯარი აიყოლია.
ნაპოლეონი, როგორც ნიჭიერი და წარმატებული გენერალი, დაფიქრდა იმაზე, თუ როდემდე ებრძოლა ხალხისთვის არაპოპულარული და პირადი კეთილდღეობისათვის მზრუნველი მთავრობის სასარგებლოდ. მან კარგად დაინახა, თუ რა ამოძრავებდა, რისკენ იყო მიდრეკილი ფრანგი ხალხი. ეს იყო მისი ლტოლვა ანტიკურობისაკენ, სამშობლოს სიყვარულისა და ერთგულებისაკენ, სამოქალაქო თავისუფლებისაკენ. მან სწორედ ამ იდების აქცენტირებითა და მათთვის ბრძოლითა და მოღვაწეობით თავის ირგვლივ შემოკრიბა საფრანგეთის პოლიტიკური წრეები და მოსახლეობის უმრავლესობა, რომლებიც დიდხანს დარჩნენ ნაპოლეონის ერთგულნი. 
ბატონმა ივანემ  სტალინი დაახასიათა, როგორც ერთგული მიმდევარი რევოლუციური იდეებისა, რომლებიც უკავშირდებოდა არა მარტო მშრომელი, დაჩაგრული ხალხის სოციალურად განთავისუფლებასა და მათი უფლებების განმტკიცებას, არამედ მჩაგვრელ და გაბატონებულ კლასებად მიჩნეული სოციალური ფენების წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლას, მათ დათრგუნვასა და შემდეგ განადგურებასაც კი. მკაცრ პირობებში გაზრდილ და მებრძოლ პიროვნებას ადრევე ჩამოუყალიბდა ადამიანებთან სასტიკი დამოკიდებულება, რომელსაც ხელს უწყობდა მასთან დაპირისპირებული ძალების (განსაკუთრებით, ლევ ტროცკის) სასტიკი დამოკიდებულება თავისი მოწინააღმდეგე სოციალური ფენებისა და რევოლუციური აზრისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. 
ყოველივე ამ თავისებურებებითა და მათი განსაკუთრებული როლით, ძალზე ენერგიული ბრძოლითა და საქმიანობით ამ პიროვნებებმა მთელ მსოფლიო ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვეს, რასაც გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი მკვლევარი ამ პერიოდების შესწავლისას.
ბატონმა ივანე მენთეშაშვილმა გატაცებით საუბრით, საკითხების ფართოდ და სიღრმისეულად გააზრებითა და ძალზე მეტყველი ფაქტების მოხმობით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე, მრავალ სერიოზულ საკითხზე საფიქრალი დაუტოვა მას.
ლექციის დასასრულს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა კითხვა დაუსვა პროფესორ ივანეს: თუ როგორ თანხმდება ერთად ღვთის რწმენა, ფსალმუნების გალობის სიყვარული და ის დაპყრობითი ომები, რომლებსაც აწარმოებდა კრომველი. ბატონი ივანეს პასუხის თანახმად, კრომველის დაპყრობითი ომები და საქმიანობა გამომდინარეობდა როგორც მისი რწმენიდან, ამავე დროს მოწინააღმდეგეთა შეუწყნარებლობიდან, ეთნიკურად და პოლიტიკურად განსხვავებული ხალხის (ირლანდიელებისა და შოტლანდიელების) მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებიდან. ეს იყო კოლონიური იდეოლოგია, რომელიც აღნიშნულ პერიოდში რელიგიური იდეოლოგიით იყო შემოსილი.
 
29.02.2020

FaceBook გვერდი