ქართული ნათარგმნი ჰომილეტიკური ძეგლები IV

 
წინამდებარე წიგნი ეძღვნება ნათლისღების ჰომილიათა ძველ ქართულ თარგმანებს. გამოცემაში შეტანილია წმ. ნინოსა და შვიდი ბიზანტიელი საეკლესიო მამის მიერ ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე წარმოთქმული ქადაგებები. მათი უმრავლესობა ქართულად წინაათონურ პერიოდში ანონიმ მთარგმნელთა მიერ ითარგმნა, ისინი თავმოყრილია ჰომილეტიკურ-აგიოგრაფიულ საკითხავთა კრებულებში, მრავალთავებში. გამონაკლისია წმ. სოფრონ იერუსალიმელის († 638 წ) ორი ქადაგება, რომელთა მთარგმნელად ეფრემ მცირე (XI ს) ითვლება.

ნათლისღების საკითხავთაგან წმ. ნინოს († 338 წ) ჰომილია ფსევდოეპიგრაფიკულია და ანტიარიანული შინაარსის თხზულებად მიიჩნევა.

ივლიანე ტაბიელი (V ს) საქრისტიანო მწერლობაში უცნობია, ხოლო მისი ქადაგება ანტიმონოფიზიტურ შინაარს შეიცავს.

წმ. კირილე იერუსალიმელის († 386 წ) ნათლისღების საკითხავის წყარო მისი III კატეხიზისი აღმოჩნდა (PG 33, col. 425-450).  

წმ. გრიგოლ ნოსელის († 394 წ) სახელს ნათლისღების ორი ქადაგება უკავშირდება, რომელთაგან მეორე პირველის გაგრძელებას წარმოადგენს და მომდევნო კვირას უნდა იყოს წარმოთქმული. პირველი ჰომილია ქართულად წმ. იოანე ოქროპირის სახელითაა ცნობილი (ისევე როგორც სირიულში), ხოლო ბერძნული წყაროს მიხედვით იგი წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედს († 270 წ) მიეწერება (PG 10, col. 1177-1189). ამავე ქადაგების შემოკლებული ლათინური თარგმანი გრიგოლ ანტიოქიელის (VI ს) სახელითაც არის მოღწეული (PG 88, col. 1865-1872). მეორე საკითხავის ბერძნული ტექსტი ცნობილია წმ. იოანე ოქროპირისა (PG 64, col. 33-38) და გრიგოლ ანტიოქიელის (PG 88, col. 1871-1884) ავტორობით, ხოლო მისი ფრაგმენტი ციტირებულია ნაშრომში De Sacris Parallelis (PG 96, col. 509-512) და წმ. გრიგოლ ნოსელის დაკარგულ შრომებში (PG 46, col. 1109-1112).

ქართულად თარგმნილ ჰომილეტიკურ ლიტერატურაში წმ. იოანე ოქროპირის († 407 წ) სახელით ნათლისღების კიდევ შვიდი ჰომილია არსებობს, მათგან მხოლოდ ერთის ბერძნული წყაროა გარკვეული (PG 50, col. 805-808).

წმ. პროკლე კონსტანტინეპოლელის († 446 წ) ნათლისღების საკითხავი (PG 65, col. 757-764) ორი ქართული თარგმანით მოგვეპოვება. პირველი, მრავალთავებში შეტანილი, წინაათონური თარგმანია, ხოლო მეორე რუსული პროლოგ-სვინაქსარიდან (XVII ს) არის გადმოღებული, სავარაუდოდ, არჩილ მეფის (1647-1713 წწ) მიერ. რუსულიდან თარგმნილ პროლოგ-სვინაქსარში პროკლეს სახელით კიდევ ერთი ჰომილია არსებობს, თუმცა მისი ბერძნული წყარო უცნობია.

ფსევდოევსები ალექსანდრიელის (V ს) ნათლისღების ჰომილია (PG 86, col. 372-380) ორი უძველესი ქართული თარგმანით არის შემონახული. მათგან ერთი ათონურ მრავალთავშია შეტანილი და ბერძნული წყაროდან არის თარგმნილი, ხოლო მეორე ტბეთისა და პარხლის მრავალთავებშია დაცული და აშკარა არმენიზმებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ბერძნულ ტექსტთან შედარებით ქართულ ვერსიებს დამატებული აქვთ ექვსი პასაჟი, რაც ბერძნული ტექსტის ვრცელი რედაქციის არსებობაზე მიუთითებს. 
 
14.10.2020
ბეჭდვა