ღონისძიება - „ჩვენ ვსწავლობთ უცხო ენებს“

2020 წლის 27 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა ღონისძიება: „ჩვენ ვსწავლობთ უცხო ენებს“, რომლის ორგანიზატორი იყო თსას-ის უცხო ენების კათედრის წევრი, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი თამარ ნუცუბიძე.

აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა სასწავლებელში უცხო ენების (ბერძნული, იტალიური, ინგლისური, გერმანული, რუსული) სწავლების პროცესის წარმოჩენას, სტუდენტებში უცხო ენების შესწავლის მოტივაციის გაზრდასა და მათში საჯაროდ გამოსვლის უნარის განვითარებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პედაგოგები: თსას-ის უცხო ენების კათედრის გამგე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ბატონი იური მოსიძე, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი ჯული შოშიაშვილი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი სალომე კენჭოშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი მარინა ბოტკოველი, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი ლალი ხუჭუა, ქალბატონი ნაირა ფილაური, ქალბატონი ნანა ალიბეგაშვილი, ქალბატონი ნანა გელოვანი. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, თსას-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი და კათედრის გამგის თანაშემწე, ასევე, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი და სტუდენტები. ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე უცხო ენებზე წაიკითხეს ლოცვები, ბერძნულენოვანი სენტენციები, შექსპირის სონეტები, პუშკინის ლექსები,  გალაქტიონ ტაბიძის ლექსის „ქარი ქრის“ ლუიჯი მაგაროტოსეული თარგმანი...

ბერძნული ენის პედაგოგმა ქალბატონმა ჯული შოშიაშვილმა  აღნიშნა: „კლასიკური ენები - ძველი ბერძნული და ლათინური - მრავალი საუკუნის განმავლობაში და დღესაც ევროპული განათლების ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად ითვლება. სასულიერო აკადემია-სემინარიაში ისწავლება ძველი და ახალი აღთქმის ბერძნული ენა, რომელიც კლასიკური ბერძნულის შემდგომდროინდელ პერიოდს მიეკუთვნება. მას ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებულ ბიზანტიურ ბერძნულს უწოდებენ...“.

ღონისძიებაზე აღინიშნა ისიც, რომ ყოველწლიურად იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს მსოფლიოში იტალიური ენის კათედრების თანადაფინანსების პროგრამას, რომელშიც 2017 წლის გაზაფხულზე თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამაც მიიღო მონაწილეობა და დაფინანსება. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში იტალიური ენის სწავლების პროცესი სასულიერო აკადემიაში დაიწყო 2017 წლის შემოდგომაზე.  სწავლებას უძღვებოდა ქალბატონი სალომე კენჭოშვილი. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ამჟამად III კურსის სტუდენტებმა: ლიკა ტარტარაშვილმა, მარიამ კილასონიამ, მაია კირკიტაძემ, ანა გუშარაშვილმა, ელენე მჭედლიშვილმა და ლიზა კიკვაძემ გაიარეს იტალიური ენის ორწლიანი კურსი. მათ შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული სტიპენდიების კონკურსში, რომელზე შერჩეულ სტუდენტებსაც ექნებათ შესაძლებლობა იტალიაში გაიარონ ენის სამთვიანი  ინტენსიური კურსი და დახვეწონ თსას-ში შეძენილი ცოდნა.
27.02.2020
ბეჭდვა