სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

 
ხუთშაბათს, 20 თებერვალს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა მაგისტრანტის, გიორგი აფციაურის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა. დაცვას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასწავლებლის ფაკულტეტების დეკანები, კათედრების გამგეები და პროფესორ-მასწავლებლები.  

გიორგი აფციაურის სამაგისტრო ნაშრომში - „დომინანტური ეკლესიის საკითხი საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში“  (სამეცნიერო ხელმძღვანელი - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე, რეცენზენტი - თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი) განხილულია ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ზოგადი პრინციპები, დომინანტური ეკლესიის საკითხი და სამართლებრივი ურთიერთობის მოდელები ევროპის ქვეყნებში, დომინანტური ეკლესიის საკითხი საქართველოში და ქრისტიანობის ისტორიულ მნიშვნელობა ქართული სახელმწიფოსთვის. ნაშრომში გამოყენებულია თემასთან დაკავშირებული 82 დასახელების ლიტერატურა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე: წმინდა წერილი, წმინდა მამების ნაშრომები, ლიტურგიკული ძეგლები და თანამედროვე თეოლოგებისა და იურისტების სამეცნიერო ნაშრომები.

სამაგისტრო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნაში ნათქვამია,  რომ გიორგი აფციაურის დაინტერესება ეკლესიის სამართლებრივი სტატუსის პრობლემატიკით მეტად აქტუალურია. ამ თემაზე ბოლო პერიოდში ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს და, შესაბამისად, ამ მიმართულების კვლევები მნიშვნელოვანია ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულის, გიორგი აფციაურის სამაგისტრო ნაშრომი კომისიამ დადებითად შეაფასა და მას თეოლოგიის მაგისტრის წოდება მიანიჭა. 
 
20.02.2020
ბეჭდვა