3 აპრილს თბილისის სასულიერო
აკადემიასა და სემინარიაში მუშაობას შეუდგა პროფესორ-მასწავლებელთა
სამეცნიერო კონფერენცია. ასეთი კონფერენციები აკადემიაში ყოველ წელს
ტარდება, მაგრამ წლევანდელი შეკრება განსაკუთრებულია, ვინაიდან ის
ეძღვნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის
აღდგენიდან მე-100, და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის
აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავს. კონფერენცია ორდღიანია, პირველ დღეს
იმართება პლენარული სხდომა, მომდევნო დღეს კი მუშაობა სექციებში
გრძელდება.
პლენარული სხდომა გახსნა
აკადემია-სემინარიის სწავლულმა მდივანმა, პროფესორმა ლეილა გეგუჩაძემ.
პირველი მოხსენების წაკითხვა, მისი თემიდან გამომდინარე, ერგო
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნინო მელიქიშვილს: “რწმენა
და ცოდნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და
უნეტარესი ილია II-ის ქადაგებებსა და სიტყვებში.”
კიდევ ოთხი მოხსენება იქნა
წაკითხული:
პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია:
“ლახვრის ლოცვა და მისი აღსრულების თავისებურებანი.”
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე:
“ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის ერთი ვერსია.”
პროფესორი მაია რაფავა:
“საღვთისმეტყველო ძეგლების ქართულიდან სომხურად თარგმნის
ისტორისათვის.”
პლენარული სხდომის ბოლო მოხსენება
ხელოვნების ისტორიის თემას ეხება: “დაფარნათა კომპლექტი
ნიკორწმინდიდან.”
მომხსენებლებმა უპასუხეს
აუდიტორიის კითხვებს.
პლენარული სხდომა შეაჯამა
აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი
ზვიადაძემ.