პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

 
3 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მუშაობას შეუდგა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. ასეთი კონფერენციები აკადემიაში ყოველ წელს ტარდება, მაგრამ წლევანდელი შეკრება განსაკუთრებულია, ვინაიდან ის ეძღვნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან მე-100, და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავს. კონფერენცია ორდღიანია, პირველ დღეს იმართება პლენარული სხდომა, მომდევნო დღეს კი მუშაობა სექციებში გრძელდება.
 
პლენარული სხდომა გახსნა აკადემია-სემინარიის სწავლულმა მდივანმა, პროფესორმა ლეილა გეგუჩაძემ. პირველი მოხსენების წაკითხვა, მისი თემიდან გამომდინარე, ერგო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნინო მელიქიშვილს: “რწმენა და ცოდნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ქადაგებებსა და სიტყვებში.”
 
კიდევ ოთხი მოხსენება იქნა წაკითხული:
პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია: “ლახვრის ლოცვა და მისი აღსრულების თავისებურებანი.”
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე: “ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის ერთი ვერსია.”
პროფესორი მაია რაფავა: “საღვთისმეტყველო ძეგლების ქართულიდან სომხურად თარგმნის ისტორისათვის.”
პლენარული სხდომის ბოლო მოხსენება ხელოვნების ისტორიის თემას ეხება: “დაფარნათა კომპლექტი ნიკორწმინდიდან.”
მომხსენებლებმა უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს.
პლენარული სხდომა შეაჯამა აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
 
04.04.2017

FaceBook გვერდი