აკადემიკოს ავთანდილ სულაბერიძის საჯარო ლექცია

 
6 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიაში აკადემიკოსმა ავთანდილ სულაბერიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია: “დემოგრაფიული პრობლემები და მისი დაძლევის საოჯახო-დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში.”
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონიმიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ბ-ნმა ავთანდილმა დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონიმიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტში. იყო დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია. ბ-ნი ავთანდილი 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის მონოგრაფიების: “საქართველოს მთიანეთის დემოგრაფიული განვითარების პრობლემები,” “ამიერკავკასიისა და საქართველოს დემოგრაფიული განვითარება,” ‘ფიქრები ქართულ ოჯახზე და დემოგრაფიაზე.”
მომხსენებელმა მსმენელებს გააცნო თავად ტერმინ “დემოგრაფიისა” და ამ დისციპლინის ისტორია. ეს საგანი საბჭოთა პერიოდში, ისევე, როგორც გენეტიკა, ტაბუდადებული იყო. საქართველოში განსაკუთრებით მწვავე დემოგრაფიული მდგომარეობა, ცხადია, 90-იანი წლებიდან შეიქნა, რაც მრავალი მიზეზით იყო გამოწვეული – სამოქალაქო ომი, ქვეყნის დიდი ტერიტორიების დაკარგვა, მასობრივი სიღატაკე და ემიგრაცია, შობადობის რიცხვის საგრძნობი კლება. ეს ვითარება იცვლება ჩვენი პატრიარქის ინიციატივის გამოცხადების შემდეგ ყოველი მესამე ბავშვის მონათვლის შესახებ. ისტორიაში ცნობილია მსგავსი მაგალითები, მაგრამ არსად ამგვარი კეთილი შედეგი არ ყოფილა. ქვეყნის დემოგრაფიული სიჯანსაღე მხოლოდ მთავრობის საზრუნავი არ არის, არამედ ყველას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ოჯახის სიწმინდისა და სიძლიერის მნიშვნელობა, მით უფრო – ჩვენ, ქრისტიანებს.
ლექცია მეტად საინტერესო აღმოჩნდა პუბლიკისათვის, სტუდენტებმა მომხსენებელს დაუსვეს კითხვები, რაზეც მან სიამოვნებით გასცა პასუხი.
 
06.12.2016

FaceBook გვერდი