თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ 2014-2015 წლებში გამოქვეყნებული წიგნების პრეზენტაცია



9 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს დარბაზში ჩატარდა სასულიერო აკადემიის გამომცემლობაში 2014-2015 წლებში მომზადებული პუბლიკაციების პრეზენტაცია. წარმოდგენილი იყო რამოდენიმე ძეგლის უძველესი თარგმანების აკადემიურად მომზადებული ტექსტები სათანადო გამოკვლევებთან ერთად, აკადემიის ორი პერიოდული გამოცემა – “საღვთისმეტყველო სამეცნიერო შრომები” და “გრაგნილი,” და, ასევე, ერთი ბიბლიოგრაფიული ხასიათის ნაშრომი: “ძველი ქარული ორიგინალური სასულიერო მწერლობა და თხზულებათა დარგობრივი ბიბლიოგრაფია.”
 
პრეზენტაციას მრავალი სტუმარი ესწრებოდა სამეცნიერო და სასულიერო წრეებიდან და ქალაქის ხელმძღვანელობიდან. ღონისძიება გახსნა აკადემიის გამომცემლობის დირექტორმა, ფილოლოგიის მეცნიერენათა დოქტორმა, ქ-ნმა ნინო მელიქიშვილმა. წარმოდგენილი პუბლიკაციებისა, და ზოგადად, გამომცემლობის საქმიანობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს: აკადემიის დოგმატიკისა და პატრისტიკის კათედრის გამგემ, ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბ-ნმა ედიშერ ჭელიძემ; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქ-ნმა მაია რაფავამ; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა გიორგი ალიბეგაშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა; ქ-ნმა მზექალა შანიძემ, აკადემიკოსმა; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ბ-ნმა როინ მეტრეველმა; კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრის კოდიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქ-ნმა თამარ ოთხმეზურმა.
 
ყველა გამომსვლელმა აღნიშნა პუბლიკაციების მაღალი მეცნიერული ხარისხი და ნაშრომებში წარმოდგენილი თემატიკის ფართო სპექტრი. ბ-ნმა საკრებულოს თავმჯდომარემ ბრძანა, რომ დარბაზი, სადაც იმართებოდა ღონისძიება, რამოდენიმე წლის წინ თავად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა წმინდა თამარ მეფის სახელზე და სიმბოლური გახდა აქ ახლა ასეთი უხვი მეცნიერული მოსავლის წარდგენა.
 
პრეზენტაციაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და აკადემიის საქმიანობის მაღალი შეფასებისათვის. ბ-ნმა რექტორმა ბრძანა, რომ თბილისის სასულიერო აკადემიის წინაშე მდგარი პასუხისმგებლობა მეტად დიდია, რამდენადაც სწორედ აკადემიის საქმიანობა განსაზღვრავს საქართველოს ეკლესიის მომავალ სახეს. თბილისის სასულიერო აკადემია ყოველთვის ეცდება, გააგრძელოს გელათის აკადემიის მიერ დასახული რწმენისა და ცოდნის ერთიანობის გზა – იყოს “სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი.”
09.10.2015

FaceBook გვერდი