სადისერტაციო საბჭოს სხდომა

 
15 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სადისერტაციო საბჭოს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
 
სადისერტაციო საბჭოს წევრებმა განსაზღვრეს დოქტორანტ ცოტნე ჩხეიძის სადისერტაციო ნაშრომის: „ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი“ (თემის ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, რუსთველი მიტროპოლიტი  მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე (გამრეკელი) დაცვის თარიღი და სადისერტაციო კომისიის შემადგენლობა. სადისერტაციო საბჭოზე აღინიშნა, რომ ცოტნე ჩხეიძის საკვალიფიკაციო ნაშრომი აკმაყოფილებს სადოქტორო ნაშრომისადმი წაყენებულ ყველა მოთხოვნას, რის საფუძველზეც შესაძლებელია მას შემდგომი მსვლელობა მიეცეს.
 
სადისერტაციო საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, დისერტანტ ცოტნე ჩხეიძის საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვა შედგება საქართველოს საპატრიარქოში 2019 წლის 13 ივნისს, 12 საათზე.
 
სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე, ასევე, შედგა დისერტანტ გრიგოლ ბენდელიანის სადისერტაციო ნაშრომის ,,სულიწმიდის მადლის მოხვეჭის მონაზვნური გზა წინაათონურ პერიოდში“ (თემის ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე  ჭანტურია) წინასწარი დაცვა. ექსპერტებმა საყურადღებო შენიშვნები გამოთქვეს წარმოდგენილი საკვალიფიკაციო ნაშრომის  მიმართ. მათი ნაწილი დისერტანტმა გაიზიარა, ნაწილზე კი – მოკრძალებული პასუხები გასცა.
 
გრიგოლ ბენდელიანის ნაშრომის ექსპერტებმა: თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ანდრიაძემ გამოთქვეს რამდენიმე არსებითი შენიშვნა. პროფესორმა სერგო ვარდისანიძემ აღნიშნა , რომ 1. სადისერტაციო ნაშრომი  მსოფლიო საეკლესიო ისტორიის გრიფით გადის, ამიტომ სასურველი იყო მეტი მაგალითით განხილულიყო მსოფლიო ეკლესიის ცნობილი ასკეტების მონაზვნური ღვაწლის გამოცდილებაც. 2. დისერტანტს უფრო მკაფიოდ უნდა გამოეკვეთა სულიწმიდის მადლის მოხვეჭის ასკეტური გზები და თავისებურებანი.
 
დისერტანტმა ექსპერტის ორივე შენიშვნა მიიღო და შეძლებისდაგვარად უპასუხა, მან აღნიშნა, რომ მართალია, ნაშრომში გარკვეულწილად წარმოდგენილია ქრისტიანობის პირველი საუკუნეების სამონაზვნო კერების ასკეტური ცხოვრების წესი, რომლებთანაც ქართველ თუ საქართველოში მოღვაწე ბერებს ჰქონდათ ურთიერთობა, თუმცა მისაღები და გასათვალისწინებელია ექსპერტის შენიშვნა. ნაშრომში სულიწმიდის მადლის მოხვეჭის გზების გამოკვეთასთან დაკავშირებით დოქტორანტმა უპასუხა, რომ ეს განპირობებულია ნაშრომის ისტორიულ-ანალიტიკური კვლევითი ხასიათით და ძირითადად ისტორიული ფაქტების დასაბუთებას ეძღვნება. აქედან გამომდინარე, ამ კვლევაში უფრო მეტი ყურადღება ისტორიული ფაქტების ანალიზს ეთმობა.
 
ექსპერტის მესამე შენიშვნა შეეხებოდა სადისერტაციო ნაშრომში ინტერნეტრესურსების დამოწმებას. ნაშრომის აკადემიურობიდან გამომდინარე, არ არის სასურველი ინტერენეტსივრცეში არსებული წყაროების გამოყენება.
 
სადისერტაციო საბჭოს წევრმა, პროფესორმა, მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძემ) გრიგოლ ბენდელიანს დაუსვა  რამდენიმე შეკითხვა, იცნობს თუ არა დისერტანტი ქართულ აგიოგრაფიული ძეგლებში, კერძოდ, ასურელ მამათა ცხოვრებაში, ილარიონ ქართველის ცხოვრებაში და სხვ.  სულიწმიდის მადლის მოქმედების გამოვლენის სხვადასხვა ეპიზოდს და სასურველია ეს ფაქტები უფრო ღრმად იყოს გაანალიზებული სადისერტაციო ნაშრომში. დისერტანტი მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის შენიშვნას დაეთანხმა და განაცხადა, რომ  შენიშვნა სამართლიანია და იქნება გათალისწინებული.
 
   კრიტიკული შენიშვნები წარმოადგინა სადისერტაციო ნაშრომის მეორე ექსპერტმა პროფესორმა გიორგი ანდრიაძემ. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, საჭიროა სადისერტაციო ნაშრომის სათაური დაზუსტდეს, რადგან სათაურში გამოტანილი საკითხი ,,სულიწმინდის მადლის მონაზვნური გზა წინაათონურ პერიოდში“ ნაშრომში ძალიან ფრაგმენტულადაა გაანალიზებული, თუმცა ეს განპირობებულია აღნიშნული საკითხის გარშემო არსებული მწირი წერილობითი წყაროებით და ნაშრომის ნაკლად ვერ ჩაითვლება.  
 
დისერტანტმა აღნიშნული შენიშვნის საპასუხოდ მოიხმო ნაშრომიდან ადგილები, სადაც მოყვანილი აქვს მსჯელობა საქართველოს ისტორიის წყაროებიდან და აგიოგრაფიული თხზულებებიდან სულიწმინდის მადლის მოხვეჭის ღვაწლზე.
 
პროფესორ გიორგი ანდრიაძის  მეორე შენიშვნა შეეხებოდა ასევე, სათაურში საკითხის დაკონკრეტებასიმის თაობაზე, რომ ნაშრომში განხილულია საქართველოს ეკლესიის ისტორის ფაქტები და არა ზოგადად მსოფლიო ეკლესიის გამოცდილება. ამ შენიშვნაზე სადისერტაციო საბჭოს წევრმა პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ უპასუხა, რომ ტერმინი ,,წინაათონური“ თავისთავად გულისხმობს ქართულ ტრადიციას.
 
პროფესორ გიორგი ანდრიაძის სხვა შენიშვნები დისერტანტისთვის მისაღები და გასათვალისწინებელი იყო. დისრტანტმა გრიგოლ ბენდელიანმა მადლობა გადაუხადა  ექსპერტებს ნაშრომის გულდასმით წაკითხვისა და სასარგებლო რჩევებისთვის.
 
სადისერტაციო საბჭოს სხდომის დასკვნით ნაწილში გრიგოლ ბენდელიანის ნაშრომს ორივე ექსპერტმა კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად, დადებითი შეფასება მისცა. ექსპერტთა მიერ გამოთქმული ზოგიერთი შენიშვნა  ნაშრომში გათავლისწინებული იქნება. ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, სადისერტაციო საბჭომ დისერტანტ გრიგოლ ბენდელიანის ზემოაღნიშნულ ნაშრომს შემდგომი მსვლელობა მისცა და ოფიციალური ოპონენტები გამოყო.
 
სხდომის ბოლოს დისერტანტმა გრიგოლ ბენდელიანმა მადლიერება გამოხატა  სადისერტაციო საბჭოს წევრებისა და საბჭოს თავმჯდომარის, რექტორის, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ სასულიერო აკადემიაში შექმნილი აკადემიური სასწავლო და სამეცნიერო გარემოსთვის, რამაც ხელი შეუწყო მისი სადისერტაციო ნაშრომის მომზადებას.
15.05.2019

FaceBook გვერდი