ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი არქეოლოგი, თეოლოგიის დოქტორი ხრისტოს კარაიანისი სტუმრად თბილისში

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას, მათ შორის ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს საბერძნეთის უნივერსიტეტებში თეოლოგიის ფაკულტეტზე ელადის ეკლესიის სტუდენტური სტიპენდიის მხარდაჭერით. ეს სასწავლებლის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. სწორედ ამ ურთიერთობის დამადასტურებელი იყო ბერძენი პროფესორის ვიზიტი საქართველოში. რამდენიმე დღით თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ათენის  კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი არქეოლოგი,  თეოლოგიის დოქტორი ხრისტოს  კარაიანისი, რომელიც ქართველი სტუდენტების ლექტორია და სწორედ მათი მოწვევით ჩამოვიდა თბილისში. პროფესორი  კარაინისი შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ბერძენმა პროფესორმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტებისთვის ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური სკოლის გამოცდილების მიღება, სასწავლო და სამეცნიერო მუშაობისთვის მათი მომზადება, რაშიც მათ ხელს უწყობს თბილისი სასულიერო აკადემია და თავის მხრივ ელადის ეკლესია. ბერძენ სტუმარს  მასპინძლობდა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, ამჟამად ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი თორნიკე მამნიაშვილი. შეხვედრის დასასრულს ბერძენმა პროფესორმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადასცა საკუთარი მონოგრაფია, რომელიც შეეხება იერუსალიმის საპატრიარქოში დაცულ მე-16-18 სს.ში ქართველ მეფეთა და დედოფალთა მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და გოლგოთის ეკლესიისთვის შეწირულ ნაქარგობებს .
11.05.2019

FaceBook გვერდი