სტუმრობა თბილისის საჯარო სკოლებში

 
6 თებერვალს, ხუთშაბათს, თბილისის 150-ე და 65-ე საჯარო სკოლების უფროსკლასელებს შეხვდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლები და მათ ჩვენი სასწავლებლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
 150-ე სკოლას სტუმრობდნენ სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, თეოლოგიის დოქტორი ცოტნე ჩხეიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგის თანაშემწე ფილოლოგიის დოქტორი - ხათუნა მემანიშვილი-კალანდარიშვილი - და ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისა და საეკლესიო არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენელი - ქალბატონი თამარ ფოცხვერაშვილი. 65-ე სკოლაში კი, ბატონ ცოტნე ჩხეიძესთან და ქალბატონ თამარ ფოცხვერაშვილთან ერთად იმყოფებოდა სასულიერო სემინარიის დეკანის თანაშემწე - ბატონი გიორგი მეტრეველი.
 აკადემიის წარმომადგენლობა უფროსკლასელებს ესაუბრა სასწავლებლის მიზნებისა და სწავლის პირობების შესახებ. მოწაფეებმა შეიტყვეს, რომ აკადემია-სემინარიაში არამარტო უფასოა სწავლა, არამედ მატერიალურად ხელმოკლე სტუდენტებს, შესაძლებლობის ფარგლებში, აკადემია ყოფით პრობლემებსაც უხსნის (ფუნქციონირებს უფასო პანსიონი), რაც დღევანდელობაში უპრეცედენტო შეთავაზებაა. ქალბატონმა ხათუნა მემანიშვილ-კალანდარიშვილმა მასპინძლებს ესაუბრა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მაღალკვალიფიციურ    პროფესორ-მასწავლებელთა შესახებ, რომელთა ერთი ნაწილიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ნაყოფიერად მუშაობს. თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოზარდებს მიაწოდა სასულიერო სემინარიის დეკანის მოადგილემ - გიორგი მეტრეველმა. თამარ ფოცხვერაშვილმა კი აუდიტორიას გააცნო ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისა და საეკლესიო არქიტექტურის ფაკულტეტის მუშაობის სპეციფიკა და პროგრამის თავისებურებანი. პასუხი გაეცა მოზარდთა თითოეულ შეკითხვას.
 რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოწაფეებთან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომელთა შეხვედრები ერთ მიზანს ემსახურება: მომავალმა თაობამ უკეთ გაიცნოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წიაღში არსებული წამყვანი სასულიერო სასწავლებელი, რომლის მიზანი დაარსებიდან დღემდე არის ჩვენი ეკლესიის წინსვლისათვის სათანადო კადრების მომზადება.