სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

 
დღეს, 24 სექტემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა სასწავლებლის თეოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის ბატონ ლაშა ზაალიშვილის ნაშრომის: „მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“ და წმინდა მამათა საგალობელი“ დაცვა.                                                                                                                  
დაცვას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სასწავლებლის აკადემიური პერსონალი.
ბატონ ლაშა ზაალიშვილის სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება „X საუკუნის საუნჯის“ სახელით ცნობილ უნიკალურ კრებულს -  „მიქაელ მოდრეკილის „იადგარს“ და მასში დაცულ წმინდა მამათა ჰიმნოგრაფიულ კანონს.
ნაშრომის ხელმძღვანელია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქალბატონი ლელა ხაჩიძე, რომელმაც განმარტა სამაგისტრო ნაშრომის შექმნის მიზანი, სიახლე და "მიქაელ მოდრეკილის "იადგარის" კვლევის შემდგომი პერსპექტივა.
„მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“ ყურადღებას იმსახურებს ფილოლოგიური, ისტორიული, თეოლოგიური, ლიტურგიკული და მუსიკოლოგიური თვალსაზრისით. მისი კვლევა დიდი ხანია დაიწყო და დღესაც გრძელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია აკად. კ. კეკელიძის, პ. ინგოროყვას და აკად. ელ. მეტრეველის ღვაწლი. 
 მიქაელ მოდრეკილის იადგარი მრავალი ასპექტით არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მაგისტრანტის დაინტერესება ამ ხელნაწერით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
ბატონი ლაშა ზაალიშვილი გულდასმით გაეცნო „მიქაელ მოდრეკილის „იადგარის“ შესახებ არსებულ ძირითად სამეცნიერო ლიტერატურას და ამ გამოკვლევათა საფუძველზე წარმოადგინა საკუთარი დაკვირვევბებიც ერთ-ერთ ჰიმნოგრაფიულ კანონზე, კერძოდ, წმინდა მამათა საგალობლის ტექსტის საღვთისმეტყველო შინაარსზე. 
 საგულისხმოა, რომ იადგარი შეიცავს უძველეს ქართულ მუსიკალურ ნოტაციას - ნევმებს და ამ კუთხითაც არის იგი უნიკალური, ბატონი ლაშა ზაალიშვილის სამაგისტრო ნაშრომი ეხება ამ საკითხსაც და განსახილველ ტექსტზე დართულ ნევმურ ნოტაციას აანალიზებს მუსიკისმცოდნეობის თვალსაზრისითაც, რაც ნაშრომის ერთ-ერთი ღირსებაა. აღსანიშნავია, რომ ბატონ ლაშა ზაალიშვილს დამთავრებული აქვს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (მინიჭებული აქვს სამუსიკო ხელოვნების მაგისტრის აკადემიური ხარისხი).

alt
მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ქალბატონ ლელა ხაჩიძის აზრით,  ბატონმა ლაშა ზაალიშვილმა კარგად გაართვა თავი დასახულ მიზანს.
ბატონ ლაშა ზაალიშვილის ნაშრომის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა: თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ,  თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ქალბატონმა გვანცა კოპლატაძემ, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ქალბატონმა  რუსუდან წიქვაძემ და სხვ. 
 სამეცნიერო საბჭოს წევრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სასულიერო აკადემიაში სამაგისტრო ნაშრომების დაცვა მიმდინარეობს მაღალ აკადემიურ დონეზე, თემები შესრულებულია სამეცნიერო კვლევითი მეთოდების მიხედვით, რაც სასწავლებელში მიღებული  საფუძვლიანი თეორიული საღვთისმეტყველო  ცოდნის შედეგია. პროფესორ ედიშერ ჭელიძის თქმით, ამგვარი კვლევები სწორედ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წიაღში უნდა განხორციელდეს, რადგან აღნიშნულ სასწავლებელში ჰარმონიულადაა შერწყმული ფილოლოგიური და თეოლოგიური ცოდნა. ხსენებული აზრის სისწორეზე კი ცხადად მოწმობს დღევანდელი დაცვა და ნაშრომის ირგვლივ გამართული ჯანსაღი პოლემიკა.
ნაშრომმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ბატონ ლაშა ზაალიშვილს თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 
 
24.09.2019

მსგავსი სიახლეები

დეკ 06
ქრისტიანული ფსიქოლოგიის
ფაკულტეტის ადმინისტრაცია პერიოდულად ხვდება აღნიშნულ პროგრამაზე
ჩარიცხულ სტუდენტებს, რათა გაიგოს მათი თვალთახედვა სწავლების
პროცესის ეფექტურობასთან დაკავშირებით. სწავლების მეთოდიკის
დასახვეწად სტუდენტებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ზემოაღნიშნული
ფაკულტეტისთვის დიდი მნიშვნელობის შემცველია.
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია პერიოდულად ხვდება აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რათა გაიგოს მათი თვალთახედვა სწავლების პროცესის ეფექტურობასთან დაკავშირებით. სწავლების მეთოდიკის დასახვეწად სტუდენტებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ზემოაღნიშნული ფაკულტეტისთვის დიდი მნიშვნელობის შემცველია.
დეკ 02
2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის
სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდნენ ავსტრიის ქალაქ
ლინცის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: საერთაშორისო ურთიერთობებისა
და პროექტების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ქალბატონი ანგელინა
კრათშანოვა და ასისტენ-პროფესორი, ბატონი ფლორიან ვეგშაიდერი
(ლიტურგიკის კათედრა).
 
2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდნენ ავსტრიის ქალაქ ლინცის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ქალბატონი ანგელინა კრათშანოვა და ასისტენ-პროფესორი, ბატონი ფლორიან ვეგშაიდერი (ლიტურგიკის კათედრა).
 

FaceBook გვერდი