მიტროპოლიტ იეროთეოსის (ვლახოსი) სტუმრობა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

 
     18 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდა ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის (საბერძნეთი) მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი). მან სასწავლებლის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე: ,,საღვთისმეტყველო განათლების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში“.
   მიტროპოლიტმა იეროთეოსმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის - უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ, რომლის ოფიციალური მოწვევით მიეცა მას საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მადლობა გადაუხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს სასწავლებელში მოწვევისთვის, ასევე - ეკლესიის ისტორიისა და ასკეტიკის კათედრის გამგეს, დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას, რომლის მხარდაჭერით გამომცემლობა „ახალ ივირონში“ დაიწყო მისი წიგნების ქართულ ენაზე თარგმნა (მთარგმნელი ეკა დუღაშვილი) და გამოცემა. სტუმარმა აღნიშნა, რომ იგი ისაუბრებდა გულიდან და არა წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით.
  მიტროპოლიტი იეროთეოსის ლექციის მოკლე ანოტაცია ასეთია: არსებობს მრავალი სახის ღვთისმეტყველება. როგორ განვასხვავოთ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება სხვებისაგან? ამისათვის საჭიროა მართლმადიდებლური თეოლოგიის ზედმიწევნით ცოდნა. მაინც რა არის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება? ვინაა ნამდვილი თეოლოგი? - ესაა ადამიანი, რომელიც ხედავს, ჭვრეტს ღმერთს და შემდეგ საკუთარი გამოცდილებით სულიერად განცდილ ჭეშმარიტებას სიტყვიერად ან წერილობითი სახით გადასცემს. ღვთისმეტყველება არის არა გონებით ღვთის წარმოსახვა-წარმოდგენა, არამედ თავად ღმერთის განცხადება ადამიანში.
   ღვთისმეტყველება მეცნიერებაცაა. როგორც მეცნიერების სხვა დარგებში, აქაც დაკვირვებისა და შესწავლის შემდეგ აღწერენ ღვთის შესახებ მოძღვრებას. ასეთი ლოგიკით ღვთისმეტყველები არიან წინასწარმეტყველები, მოციქულები, წმინდა მამები... მათ თავიანთი სულიერი გამოცდილება აღწერეს. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ხორცშესხმამდე ჭვრეტდნენ განსაკაცებელ ძე ღმერთს, ხოლო ახალი აღთქმის ეპოქის მოციქულები ხედავდნენ უკვე ხორცშესხმულ, განკაცებულ უფალს. მოციქულები წერდნენ უკვე განხორციელებულ ღმერთზე, ძველი აღთქმის „სიტყვაზე“, რომელიც განკაცდა. ესაა ყველაზე დიდი კავშირი ძველსა და ახალ აღთქმას შორის.
  ბევრი ქრისტიანული ერესი წარმოიშვა იმის გამო, რომ ერესიარქები მხოლოდ ფილოსოფიური კატეგორიებით მსჯელობდნენ ე. ი. ყველაფერში მატერიალურ საწყისს ხედავდნენ. განსაკუთრებით დიდი იყო არისტოტელეს გავლენა.
     როდესაც წმინდა გრიგოლ ნოსელს ჰკითხეს, თუ ვინაა ნამდვილი ღვთისმეტყველი, მან პასუხად მოსეს ცხოვრება დაწერა. მოსე ჭვრეტდა ღმერთს, მან სინას მთაზე ათი მცნება მიიღო. აქ გატარებული 40 დღე მოსესთვის იყო როგორც სხეულებრივი, ასევე სულიერი გამოცდილება. მოსეს ღმერთი ნივთიერი თვალით არ უხილავს, ეს იყო შინაგანი განცდა. წმიდა გრიგოლ ნოსელის თქმით, მოსე პირველი ღვთისმეტყველია.
       ადამიანთა სამი კატეგორია არსებობს: 1. ვინც ისმენს ღვთის სიტყვას, 2. ვინც იგებს ღვთის სიტყვას და 3. ვინც ხედავს ღვთის სასუფეველს. ეს უკანასკნელი კი უქმნელი ნათლის ჭვრეტაა.
     თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერისცვალების მოწმენი გახდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები - მოსე და ელია და ქრისტეს სამი მოციქული - პეტრე, იაკობი და იოანე. პეტრე და იოანე მოციქულების ეპისტოლეთა კითხვისას ნათელი ხდება, რომ ისინი საუბრობენ არა მითებზე, არამედ იმ პიროვნების შესახებ, ვისაც ხედავდნენ და ესაუბრებოდნენ.

18.09.2019

მსგავსი სიახლეები

ოქტ 10
გახდი SKYE CLUB-ის წევრი!

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბაკურციხე
პატრიარქის ფონდისა და World Vision საქართველოს მიერ 2016-2019 წლებში წარმატებით განხორციელდა SKYE პროგრამა. პროექტი გრძელდება და
ცხადდება მიღება ახალი SKYE (Skills and Knowledge for Youth Economic Empowerment) კლუბების წევრების მიღებაზე!

FaceBook გვერდი