ადიქციის კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის დირექტორის, ფსიქოლოგის, ქალბატონი მარინა კაჭარავას საჯარო ლექცია

პარასკევს, 20 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდა ადიქციის კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის დირექტორი, ფსიქოლოგი, ქალბატონი მარინა კაჭარავა, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „მავნე დამოკიდებულების პრობლემა ბავშვებთან და მოზარდებთან და მასთან გამკლავების გზები“.

მართალია, საუბარი დაგეგმილი იყო მხოლოდ ბავშვებისა და მოზარდების შესახებ, მაგრამ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სტუმარი შეეხო ზრდასრულების სხვადასხვა ტიპის მავნე დამოკიდებულებასაც.

ლექცია სქემატურად მოიცავდა ბავშვის განვითარების საფეხურებს  მუცლადყოფნის პერიოდიდან  ზრდასრულობამდე და იმ ფაქტორებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობა. მოსაუბრემ ფართოდ განიხილა ის პრობლემები, რაც შედეგად მოსდევს დამოკიდებულებას მავნე ნივთიერებებზე, აზარტულ, კომპიუტერულ თამაშებზე, გაჯეტებზე. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ რამდენად არასასურველია, როცა ბავშვების მშობლებთან მიჯაჭვულობის დარღვევა ხდება, რასაც შედეგად მოსდევს ადიქცია. ბავშვები საათობით უყურებენ პლანშეტების ეკრანებს. ამას კი დამანგრეველი ზემოქმედება აქვს ბავშვის ფსიქიკასა და ქმედითუნარიანობაზე.

ლექციის ბოლო ნაწილი აუდიტორიასთან დიალოგით გაგრძელდა. დაისვა ბევრი შეკითხვა.

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ აუდიტორიას გააცნო ზემოხსენებულ პრობლემებთან გამკლავების კონკრეტული გზები. ყველა საკითხი განხილული იყო მართლმადიდებლური სწავლების ჭრილში და ეკლესიის წმ. მამათა ნააზრევთან შეჯერებით.
ბეჭდვა