საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის - მარიამ თოფურიას კომენტარი თეა ნოზაძის პერსონალურ გამოფენასთან დაკავშირებით

 
24 იანვარს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა აღნიშნული სასწავლებლის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულ თეა ნოზაძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „დაბადება“. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა - მარიამ თოფურიამ ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს თეასთვის მეოთხე პერსონალური გამოფენაა და ისიც გვითხრა, რომ მან მონაწილეობა მიიღო 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გერმანიაში გამართულ ევროპის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც უფროს ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და დაჯილდოვდა „ხელოვნების ახალგაზრდობის პრიზით“.

ქალბატონმა მარიამმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თეა ნოზაძე თვითნასწავლი მხატვარია, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ დამთვალიერებელი აუცილებლად დაინახავს იმ თემატიკას, რომელიც დამახასიათებელია მისი ნამუშევრებისათვის და რომელიც აშკარად გამოარჩევს მას სხვა შემოქმედთაგან. მისი აზრით, აღნიშნული თემატიკა, რომელიც წითელ ხაზად გასდევს თეას შემოქმედებას, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიღებული საღვთისმეტყველო განათლების ნაყოფია. 

ქალბატონმა მარიამმა აღნიშნა ისიც, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია უყურადღებოდ არ ტოვებს ნიჭიერ სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს და ცდილობს საზოგადოებას გააცნოს ისინი. მან თქვა, რომ ამას ორმხრივი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, საზოგადოებას აცნობს ნიჭიერ ახალგაზრდებს  და მეორე მხრივ, გარკვეულ სტიმულს აძლევს სტუდენტებს და მოტივაციას უმაღლებს მათ. 

ბოლოს ქალბქტონმა მარიამმა თეას ნაყოფიერი მუშაობა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა და  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, კერძოდ კი თბილისის ისტორიის მუზეუმს აკადემია-სემინარიის მხარდაჭერისა და თეა ნოზაძისთვის საგამოფენო სივრცის უსასყიდლოდ დათმობისთვის.