სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

23 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა  კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ინტრონიზაციის 42-ე წლისთავს.

შესავალი სიტყვა წარმოთქვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება განუზომელია ჩვენი დედაეკლესიისა და ქვეყნის წინაშე, უწმინდესი პატრიარქის ავტორიტეტი უდიდესია და სცილდება საქართველოს ფარგლებს. პროტოპრესვიტერმა უწმინდესის მოღვაწეობიდან განსაკუთრებულად მიიჩნია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დაარსების ფაქტი, რადგან უმაღლესი თეოლოგიური სასწავლებლის არსებობა ქვეყანაში საღვთისმეტყველო აზრის განვითარების საწინდარია. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა სასწავლებლის სახელით გამოხატა უდიდესი მოწიწება და მადლიერება უწმინდესი პატრიარქის ღვაწლის წინაშე. ამის შემდეგ მან სიტყვა გადასცა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპილიტს, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორს, პროფესორს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ანანიას (ჯაფარიძე). მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) წაიკითხა მოხსენება თემაზე: „პატრიარქის მოღვაწეობის პირველი წლები (1980-1990 წწ.)“. მიტროპილიტმა ანანიამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით დაარსდა, ეს უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებელი დღეს განსაკუთრებულ სიმაღლეზეა აყვანილი, ამ ყოველივესთვის კი  მადლობა სასწავლებლის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს გადაუხადა. მიტროპოლიტმა ანანიამ მიმოიხილა 70-იანი წლების ბოლო დროინდელი საეკლესიო და პოლიტიკური ვითარება საქართველოში, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის წინაშე მდგარი პირველი სიძნელეები და პარალელი გაავლო დღევანდელობასთან. მიტროპოლიტ ანანიას თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ღირსეულად გადაიტანა ყველა განსაცდელი, რაც მას ინტრონიზაციის დღიდან თავის სამოღვაწეო გზაზე შეხვდა და ააღორძინა საქართველოს სამოციქულო ეკლესია. მიტროპოლიტმა ანანიამ აღნიშნა, რომ უწმინდესი პატრიარქის მიერ დედაეკლესიის საჭეთმპყრობელობა გამოვლინებაა საქართველოზე არსებული ღვთის მადლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობისა.

შემდეგი მოხსენება წაიკითხა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, თსას-ის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგემ, თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ თემაზე: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მრავალსაუკუნოვანი მსოფლიო“. ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი მრავალმხრივია, თუმცა მოხსენების ფარგლებში მხოლოდ ერთ მათგანს განიხილავს. მან გაიხსენა 1917 წელი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, როდესაც უწმინდესმა პატრიარქმა კირიონ II-მ საგანგებო ეპისტოლეებით მიმართა არა მხოლოდ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს, არამედ რომის პაპსა და ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოსს და აღნიშნა, რომ ეს მოქმედება საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელების გზის გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ. პატრიარქი კირიონ II, რა თქმა უნდა, იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მაგრამ შემწყნარებელი იყო სხვა კონფესიების მიმართ, საქართველოში მართლმადიდებლების გვერდით სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ხალხის არსებობის გათვალისწინებით. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტის რექტორის თქმით, 1921 წელს ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ საქართველო მსოფლიოს გეო-პოლიტიკური რუკიდან გაქრა. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ცხადი ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლი დედაეკლესიის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით. ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ თუ 1943-1977 წლებში  მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებიდან მხოლოდ რამდენიმე ჩამობრძანდა საქართველოში, 1978-1987 წლებში ქვეყანას ესტუმრა ყველა მათგანი, ამ ყოვილივეს დაგვირგვინება კი 1990 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის მსოფლიო აღიარება იყო. ბატონი სერგო ვარდონასიძე ასევე შეეხო საქართელოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ურთიერთობის საკითხს მსოფლიოს არამართლმადიდებელი ქვეყნების რელიგიურ და პოლიტიკურ მმართველებთან, რომლებიც განსაკუთრებული პატივისცემით არიან განმსჭვალულნი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ. მომხსენებლის თანახმად, აღნიშნული ურთიერთობების მთავარი შედეგი ისაა, რომ მსოფლიო იცნობს უნიკალური ისტორიისა და ავტოკეფალიური ეკლესიის მქონე საქართველოს.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო მელიქიშვილი აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით: „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და თანამედროვეობის პრობლემები“. მოხსენება ძირითადად შეეხებოდა ათწლეულების განმავლობაში უწმინდესისა და უნეტარესის მიერ სამწყსოსათვის მიცემულ მითითებებს, რომელთა შეუსრულებლობამ თითქოს ჩიხში შეგვიყვანა, მაგრამ ჩიხიდან გამოსავალს ისევ თავად ერის სულიერი მამა გვთავაზობს. ქალბატონმა ნინომ გამოთქვა სურვილი, რომ ამჯერად მაინც, „ამ უსასო მდგომარეობაში ჩაცვენილებმა, შევისმინოთ მისი“, რადგან ჩვენ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზა „მხოლოდ ერთშია - იმ ფასეულობების მოხმობაში, რომელთაც ასე ხშირად გვახსენებს ჩვენი პატრიარქი“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ჩვენ წინაშე არსებული უმთავრესი პრობლემა ქვეყნის მთლიანობის აღდგენაა, რისთვისაც ასე იღვწოდა ჩვენი პატრიარქი. იგი მშვიდობისაკენ მოუწოდებდა ერს და ცდილობდა, „კრიტიკულ ზღვრამდე არ მისულიყო ქართველებსა და ოსებს შორის დაძაბულობა... „მშვიდობა“ - ასეთ ფორმულირებას უკეთებდა უწმინდესი აფხაზეთთან და ოსეთთან ჩვენი ურთიერთობის სასურველ ფორმას, რაც, რასაკვირველია, როგორც შედეგს, გულისხმობდა ქვეყნის ამ განუყოფელი ნაწილების ერთიანი საქართველოს ფარგლებში არსებობას.“

ქალბატონი ნინო მელიქიშვილი შეეხო უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის კიდევ ერთ მხარეს - უცხოეთში მატერიალური მდგომარეობის გამო გადახვეწილი ახალგაზრდებისადმი მის მოწოდებას სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. პატრიარქი „გადახვეწის საპირწონედ ახალგაზრდებს უსამშობლოდ დარჩენის ალბათობაზე მიუთითებს,“ რასაც სავალალო შედეგები მოსდევს: „საკუთარი ისტორიისა და კულტურის, ფასეულობების, მშობლიური ენის დავიწყება“. პატრიარქი ახალგაზრდებს შეაგონებს, რომ ისინი მოემზადონ უფროსი თაობის შესაცვლელად, იფიქრონ არა იმაზე, თუ რას მისცემს მათ ქვეყანა, არამედ იმაზე, თუ რას მისცემენ ისინი ქვეყანას, რომ ზედმეტი ზრუნვა საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობაზე იწვევს ქვეყნის დოვლათის არასწორ განაწილებასაც და ადამიანის სულიერ დეგრადაციასაც. საბოლოო საგზლად ადამიანს მიაქვს მხოლოდ სიკეთე, რაც აკეთა, სააქაოს კი ტოვებს სახელს, რითაც მოიგონებენ.

„უმძიმესი განსაცდელი მაშინ დაატყდა თავს ქართველ ხალხს, როდესაც მისმა გარკვეულმა ნაწილმა ურწმუნოების დანერგვა დაიწყო და ეს უკეთური ჩანაფიქრი ეკლესიაზე თავდასხმით დააგვირგვინა“, - აღნიშნა მომხსენებელმა და ისაუბრა პატრიარქის მიდგომებზე ამ საკითხის მიმართ. „ამ თემაზე საუბრისას პატრიარქი კვლავ იჩენს იმ მიმტევებლობას, რაც მას ასე ახასიათებს. იგი საუბრობს რთულ დროზე, მრავალნაირ ლოზუნგებსა და მოწოდებებზე, რომლებიც ძალიან აბნევენ ადამიანებს. ამიტომ ცდილობს უწმინდესი, განუმარტოს მათ, რომ ეკლესიის ლანძღვისას ისინი წარმოადგენენ იარაღს ბნელი, ბოროტი ძალების, არაწმინდა სულების ხელში.“ ასევე, არასწორად მიაჩნია უწმინდესს მიტინგებით ეკლესიისადმი თანადგომის გამოხატვა. იგი ყოველგვარი პრობლემის გადაჭრის გზად ლოცვას მიიჩნევს და ამისაკენ მოუწოდებს სამწყსოს.

მომხსენებელმა თავისი გამოსვლა დაამთავრა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სიტყვებით: „ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რამ გადაარჩინა ქართველი ერი და მომავალშიც რა გადაარჩენს მას. ჩვენი ერი იხსნა სულიერმა სიმტკიცემ, დიდმა სარწმუნოებამ, ეროვნულმა თვითშეგნებამ... ორი ძალა - სულიერი და ეროვნული - გადაარჩენს ქართველ ერს, ისინი უნდა შევინარჩუნოთ და მათ უნდა გავუფრთხილდეთ. ასეთი სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც... ქართველები უკვე 2000 წელია, ქრისტიანები ვართ და უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც უფალი სხვებს აპატიებს, ჩვენ არ გვაპატიებს, იმიტომ, რომ დიდი მადლი მოგვცა, ხოლო ვისაც უფალი მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება“.

დასასრულ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე ერისა და ქვეყნის წინაშე და მადლობა გადაუხადა გამომსვლელებსა და დამსწრე საზოგადოებას.


P.S. ცოტა ხნის წინ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ ანანია ჯაფარიძეს შეუსრულდა დაბადებიდან 70 წელი. რექტორმა სასწავლებლის სახელით მიულოცა მას იუბილე და საჩუქრად გადასცა ღვთისმშობლის პანაღია.