სტუდენტებთან შეხვედრა (31.10.2019)



ათენში ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მოწვევით, შეხვედრა  გაიმართა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროგრამის ქართველ სტუდენტებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ქართველი სტუდენტების ათენში სწავლებისა და მათი მიღწევების თაობაზე. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ სწავლებისა და ცხოვერების პერიოდში სტუდენტებთან მუდმივი კავშირი და მათი მხარდაჭერა.
 
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ჭედია) და დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღნიშნეს, რომ თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი უნდა ავლენდეს ეკლესიისა და საეკლესიო სწავლებისადმი უდიდეს ერთგულებას, საეკლესიო იერარქიის პატივისცემას, უნდა იცავდეს კანონიკური სამართლისა და ქრისტიანული ეთიკის ნორმებს, ცხოვრობდეს ეკლესიურად, საფუძვლიანი განსწავლულობა შეიძინოს საღვთისმეტყველო მეცნიერებაში და ამით თავისი წვლილი შეიტანოს ქართული საღვთისმეტყველო აზრისა და ქრისტიანული ცნობიერების აღორძინებასა და განმტკიცებაში.
 
სტუდნეტების მხარდაჭერის მიზნით, შეხვედრაზე მოწვეული იყო საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, უფროსი მრჩეველი, ქალბატონი დეა მუმლაძე, ათენში მოღვაწე სასულიერო პირები, არქიმანდრიტი აბიბოსი (ტარიადისი) და ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული, ბერდიაკონი  ნიკოლოზი (ხვიჩია). სტუდენტებს დელეგაციამ გაუზიარა ინფორმაცია ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის სკოლის დეკანთან შეხვედრისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. ასეთი თანამშრომლობა გულისხმობს თეოლოგიის პროგრამის ფარგლებში სტუდენტების გაცვლას, პროგრამების განვითარების მიზნით აკადემიური პერსონალის დახელოვნებასა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას. სტუდენტებს აგრეთვე მიეწოდათ ინფორმაცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ.