სასწავლო წლის დასაწყისი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

 
      2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). თანამლოცველები იყვნენ რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), აგრეთვე - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სასწავლებელში მოღვაწე სასულიერო პირები და სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურნი. მსახურებას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ პარაკლისში მონაწილეობას იღებდა სასწავლებლის მგალობელთა გუნდი.
    პარაკლისის დაწყების წინ მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მიულოცა სწავლის დაწყება და გადასცა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. მისი თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კარგ განათლებას, თუმცა მხოლოდ წიგნიერი განათლება არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის, საჭიროა სულიერება. ბედნიერებისკენ მიმავალი გზა ღვთისნიერებაა, ღვთისათვის სათნო ცხოვრება, რასაც ადამიანს მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის. ქადაგების ბოლოს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სტუდენტებს აღნიშნულ საკითხებზე დაფიქრება ურჩია.